თეგი: გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი : ახალციხე-ახალქალაქის გზატკეცილზე, თურქეთის მოქალაქის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა გადაბრუნდა, შედეგად ბიტუმი დაიღვარა

ახალციხე-ახალქალაქის გზატკეცილზე, თურქეთის მოქალაქის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა გადაბრუნდა, შედეგად ბიტუმი დაიღვარა, რამაც როგორც მიწის, ისე მდინარის დაბინძურება გამოიწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა ლაბორატორიული კვლევის მიზნით, ადგილზე აიღეს შესაბამისი სინჯები. ლაბორატორიული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით დაანგარიშდება გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 52-ე მუხლითა (მიწის დაბინძურება, დეგრადაცია ან სხვაგვარი გაუვარგისება) და 58-ე მუხლის პირველი ნაწილით (წყლის ობიექტების დაბინძურება, დანაგვიანება, წყლის ობიექტებში ნარჩენებისა და სხვაგვარი ნაყარის ჩაყრა).

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი: სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის დაწვა 500-დან 1 300 ლარამდე ჯარიმით ისჯება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის დაწვა 500-დან 1 300 ლარამდე ჯარიმით ისჯება. უწყება მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის გადაწვის მავნე პრაქტიკა, რომელსაც სამწუხაროდ, ფერმერები დღემდე იყენებენ, საფრთხეს უქმნის ქარსაფარ ზოლებს და ტერიტორიის ახლომდებარე ინფრასტრუქტურას; იწვევს ნიადაგის თვისებების გაუარესებას, ნაყოფიერების დონის შემცირებას და საბოლოოდ, ნიადაგის დეგრადაციას; ფერმერებისგან გაჩენილი ხელოვნური ხანძრები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გარემოს, ბიომრავალფეროვნებას, იწვევს გაუდაბნოებას. შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის გადაწვა კანონით აკრძალული ქმედებაა. სამართალდარღვევა, გარემოებებიდან გამომდინარე, ითვალისწინებს 500-დან 1300-ლარამდე ჯარიმას, რასაც გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხაც ემატება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები მკაცრად გააკონტროლებენ იმ ტერიტორიებს, სადაც მსგავსი ქმედების ჩადენის რისკი არსებობს. სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. სტატისტიკის მიხედვით, გარკვეული ფერმერების უპასუხისმგებლო ქმედებით, სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების დაწვის შედეგად გაჩენილი ხანძრით, ათობით ჰექტარი სახნავ-სათესი მიწაა გადამწვარი და რამდენიმე ათეული კილომეტრი ქარსაფარი ზოლია განადგურებული“,-აღნიშნულია განცხადებაში.  

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ბზის უკანონო მოპოვებაზე კონტროლს ამკაცრებს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით ბზის უკანონო მოპოვებაზე კონტროლს ამკაცრებს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიანი პატრულირების დროს განსაკუთრებით გააკონტროლებენ იმ ტერიტორიებს, სადაც ბოლო წლებში ბზის უკანონო მოპოვება-რეალიზაციის სტატისტიკა მაღალია. „კოლხური ბზა წითელი ნუსხით დაცული სახეობაა. მისი მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება კანონით ისჯება. აღნიშნული სამართალდარღვევა 500-დან 1 000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში კი, თუ ბზის უკანონო მოპოვებით გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1 000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება. ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას მოუწოდებს, არ დაარღვიონ კანონი. სამართალდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში კი დარეკონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 153 (ზარი უფასოა, ანონიმურობა – დაცული), რათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა თითოეულ ფაქტზე შესაბამისი რეაგირება მოახდინონ“, – აღნიშნულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციაში.  

„ჭიაკოკონობის ღამეს“ ნარჩენის დაწვაზე კონტროლი გამკაცრდება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

„ჭიაკოკონობის ღამეს“ ნარჩენის დაწვაზე კონტროლი გამკაცრდება, კანონდამრღვევი კი დაჯარიმდება. ამის შესახებ გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინა ოთხშაბათს ტრადიციული რიტუალი - „ჭიაკოკონობა“ იმართება. რიტუალის დროს ცეცხლის დასანთებად, მოსახლეობა სხვადასხვა ტიპის მუნიციპალურ ნარჩენს იყენებს. აღნიშნული ნარჩენების დაწვისას, გამოიყოფა გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისათვის საშიში ტოქსიკური, კანცეროგენური ნივთიერებები და აირები. საფრთხე ექმნება მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ტრადიციულ რიტუალში. გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენის (მათ შორის, საბურავების, პლასტიკის მასალის, ფოთლების) ღია წესით დაწვა აკრძალულია. ნარჩენების მართვის კოდექსის თანახმად, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების - ფოთლების, ბაღის/პარკის ნარჩენების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით დაწვა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო საბურავის, რეზინისა და სხვა ელასტომერული მასალის ღია წესით დაწვის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს 1 500 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, „ჭიაკოკონობის ღამეს“ კონტროლს გაამკაცრებენ და თითოეულ სამართალდარღვევაზე შესაბამის რეაგირებას მოახდენენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

საერთაშორისო კონვენციით დაცული მტაცებელი ფრინველების საქართველოდან უკანონოდ გაყვანის მცდელობა აღკვეთილია - უწყება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებით, უწყების თანამშრომლებმა, CITES-ის კონვენციით დაცული მტაცებელი ფრინველების საქართველოდან უკანონოდ გაყვანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობების უკანონო ექსპორტის მცდელობის ფაქტი დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ქალაქ ბათუმში, გონიოს მიმდებარედ გამოავლინეს. „მოქალაქე 9 ერთეული მტაცებელი ფრინველის - გავაზებისა და სონღულების ტრანსპორტირებას ავტოსატრანსპორტო საშუალების საბარგულში განთავსებული სპეციალურად გაკეთებული ხის ყუთებით ახდენდა. მოქალაქემ ვერ წარმოადგინა ფრინველების კანონიერად ფლობისა და ქვეყნიდან გაყვანის უფლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია. ჩამორთმეული მტაცებელი ფრინველები დროებით თბილისის ზოოლოგიურ პარკს გადაეცა. აღნიშნული სამართალდარღვევა თითოეულ ერთეულზე 4-ათასლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. საერთაშორისო ვაჭრობის დარეგულირებისა და სახეობათა გადაშენების შეუქცევადი პროცესის თავიდან აცილების მიზნით მიღებულ CITES-ის კონვენციას საქართველო 1996 წლიდან შეუერთდა,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

კამერუნის დროშის ქვეშ მცურავი გემი შავი ზღვის დაბინძურებისთვის 65 000 ლარით დააჯარიმეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, ფოთის სასამართლომ კამერუნის დროშის ქვეშ მცურავი გემი სამართალდამრღვევად სცნო და 65 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. უწყების ცნობით, გემმა ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურა. მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობამ 2000 ლარამდე შეადგინა. "გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (მუხლი 58 პრიმა 2, მე-7 ნაწილი) საფუძველზე, ფოთის სასამართლომ გემი სამართალდამრღვევად სცნო და 65 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. კამერუნის დროშის ქვეშ მცურავ გემს საქართველოს ტერიტორიული წყლების დატოვებისა და თავისუფალი ნაოსნობის უფლება დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ მიეცა," - ნათქვამია გარემოსდაცვითი დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ლევან ჯღარკავას თქმით, მიმდინარე წელს, უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი გემების მიერ ზღვის დაბინძურების უკვე 2 ფაქტია გამოვლენილი. „საქართველოს პარლამენტი განიხილავს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მომზადებულ საკაონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც გემების მიერ ზღვის დაბინძურებაზე ჯარიმის 100 ათას ლარამდე გაზრდას ითვალისწინებს. საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი ზღვის დაბინძურების პრევენცია, შავი ზღვის ქვეყნებთან ამ მიმართულებით საჯარიმო სანქციების ჰარმონიზება და ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანაა,“ - განაცხადა ლევან ჯღარკავამ.